ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ორგანიზაცია შეიქმნა [ვიდეო]
ზუგდიდში დღეს, რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნდა.

მასში გაერთიანდნენ სახელმწიფო სტრუქტურის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეწარმეები.

USAID-ის წარმომადგენლის, დავით წიკლაურის განცხადებით, ორგანიზაციის მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლიობით რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშწყობა.

„დღეს დაფუძნდა დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას. ამ სფეროში ჩართული მოთამაშეები ცალ-ცალკე ვერ ახერხებენ იმას, რასაც ერთად შეძლებენ. ბოლო ორი წელია, ჩვენი ორგანიზაცია, როგორც დონორი, დგას ამ საქმიანობის უკან და ასევე გააგრძელებს, იმიტომ, რომ ეს ფორმატი არის ოპტიმალური რეგიონებში ტურიზმის განვითარებისთვის“, - განაცხადა დავით წიკლაურმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანის თქმით, რეგიონი მდიდარია ბუნებისა და არქიტექტურული ძეგლებით, რასაც განვითარება სჭირდება.

„ჩვენ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი გაგვაჩნია, ლამაზი ბუნებით თუ ისტორიული ნაგებობებით. შესაბამისად, განვითარება გვჭირდებოდა ამ კუთხით. იმედია, ერთიანი მუშაობით რეგიონს გავხდით მიმზიდველ ტურისტულ ზონად“, - აღნიშნა მან.

ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა მარტვილელმა მეწარმე ქეთო ნინიძემაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ, რომ პლატფორმის არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას ტურიზმის განვითარების მიმართულებით“, - გვითხრა ქეთო ნინიძემ.

ზუგდიდელმა მეწარმემ მარიკა თოდუამ განმარტა, რომ ასევე უნდა შეიქმნას ტურიზმის განვითარების სტრატეგია.

„ჩემს შემთხვევაში მეწარმე, რომელსაც აქვს ეთნოსოფელი, ამ ორგანიზაციის დაფუძნება დაეხმარება მზა პროდუქტის რეალიზებასა და პოპულარიზაციაში. ასევე კარგია, რომ სამეგრელო ტურისტულ რუკაზე წარმოჩნდეს, როგორც ეფექტური ტურისტული დანიშნულების ადგილი და არა მხოლოდ ტრანზიტული პუნქტი“, - გვითხრა მარიკა თოდუამ.

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფუძნებას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ორგანიზაციის დაფუძნების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.