ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პურის გაძვირება უცხოეთის ბაზარმა გამოიწვია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, თბილისში პურის გაძვირება პროდუქტის უცხოეთის ბაზარმა გამოიწვია.

„პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი. მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია. ამიტომ, თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”, - აღნიშნა მინისტრმა.

თბილისში 10 დეკემბრიდან, მაღაზიებში პურის ფასმა დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის განმარტებით,  ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 32%-ით მოიმატა. ამას გარდა, ახალი რეგულაციებით, პური ქაღალდის პარკში უნდა შეიფუთოს, რამაც დამატებით გააძვირა თვითღირებულება.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ კი პურის გაძვირებაზე განაცხადა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებული ვითარება უმოკლეს ვადებში შეისწავლონ და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ. 

პურის გაძვირება ჯერ ზუგდიდს არ შეხებია.

პურსაცხობ „ლეკოს“ მეპატრონე ლევან ბეჭვაიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მართალია დღეისთვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ღირებულება იგივე რჩება, თუმცა მომავალში თანხის მატება არ გამორიცხა. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფქვილის მარაგი აქვთ, თუმცა როგორც კი ამოეწურებათ, სავარაუდოდ პურზე ფასის გაზრდა მოუწევთ.