რუხში მცხოვრები დევნილები სტიქიით დაზიანებული სახურავის აღდგენას ითხოვენ
ჩასახლების მცხოვრებმა სალომე ფაციამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სტიქიის მეორე დღესვე მოვიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეისწავლეს ვითარება და სახურავი სრულად გადახადეს ისე, რომ მასალები არ ჰქონდათ მოტანილი. მისივე ცნობით, ეს მასალები ეტაპობრივად მოაქვთ და დღეისთვის შენობის მხოლოდ ნაწილის შეკეთება მოხერხდა. მოქალაქეს ორი ბავშვი ჰყავს და შექმნილი მდგომარეობის გამო სხვადასხვაგან აფარებს თავს.
„დროულად ხელოსნებს არაფერი არ მიაწოდეს. უკვე ზამთარია. ცუდი ამინდებია. ჩემს სახლში, ოთახებში ვერავინ შევა, ისეთი მდგომარეობაა. ნაწილი გაკეთებულია. ყველა ვერ მოასწრეს წვიმის გამო. ამ წვიმაში კიდევ ვერ ავალთო“, - გვითხრა სალომე ფაციამ.
ჰქონდათ თუ არა პრობლემის შესახებ მერიასთან კომუნიკაცია, აღნიშნა - მოდიან, მიდიან, ხან ასე იტყვიან, ხან ისე.
მისივე თქმით, გადახურვასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან წვიმისგან დაზიანებული ოთახების მოწესრიგებასაც ითხოვენ, რადგან აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა.
დევნილთა ჩასახლებაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობს.
„ლაივპრესი“ მერიისგან საპასუხო კომენტარს ელოდება.
ნოემბრის ბოლოს ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალი სამეგრელოში 7 მილიონს აღემატება. ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი აზარალა. სახლებს და შენობებს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც შუქის გათიშვა გამოიწვია.