მერიის თანამშრომელი ადრე მის მფლობელობაში არსებული კომპანიის ტენდერებში გამარჯვებაზე: კორუფციის ნიშნებს ვერ ვხედავ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ, შპს „ევრომშენი 999“, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა.
ორგანიზაციის შეფასებით, შპს „ევრომშენი 999“-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და არსებული გარემოებები წარმოშობს ეჭვს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.
„გავეცანი ამ ინფორმაციას, სამჯერ მაქვს გადაკითხული. თუ კორიფციის ნიშნებს ხედავენ არსებობს შესაბამისი ორგანოები და მათ უნდა გამოიძიეონ ეს საკითხები. მე ვერ ვხედავ კორუფციის ნიშნებს. ეს კომპანია ჩემს დანიშვნამდე იყო გასხვისებული და მე ვერ ვაიძულებდი ტენდერებში არ მიიღოთ მონაწილეობა მეთქი. ეს არის გამჭვირვალე. ოფიციალურ გვერდზე იტვირთება ყველა დოკუმენტაცია და გაკეთებული სამუშაოები. თუ რამე დარღვევაა და თუ რამე კორუფციაა, ალბათ შესაბამისი სამსახური გასცემს პასუხს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ლაშა ჯაიანმა.
თავის მხრივ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს „ევრომშენი 999“-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.
ლაშა ჯაიანი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე (2016 წლის ნოემბრიდან) იგი ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯაიანმა შპს „ევრომშენი 999“ 2016 წლის მაისში დააფუძნა, რა დროსაც კომპანიის 100%-იანი წილსა და დირექტორის პოზიციას თვითონვე ფლობდა. ზუგდიდის გამგეობის მშენებლობის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდგომ კი (2016 წლის ნოემბერი), კომპანიის 100%-იანი წილი და დირექტორის პოზიცია უსასყიდლოდ დაუთმო დიმა ჯღამაიას. სწორედ 2016 წლის ნოემბრიდან იწყებს ტენდერებში მონაწილეობას შპს „ევრომშენი 999“. მანამდე მას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.
მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მერიასთან მოგებული 35 ტენდერიდან, 27 შემთხვევაში ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი, ჯაიანი დოკუმენტზე ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში შპს „ევრომშენი 999“- თან.