ახალი ამბები
სვანეთის განვითარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა თანხა გამოყვეს
ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის განვითარების ხელშეწყობისთვის 6,8 მილიონი ევრო გამოიყო, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტი გულისხმობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მათი პროფესიონალიზმის ამაღლების და მასშტაბების გაზრდის მიზნით. ასევე, დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას სამთო ტურიზმსა და ორგანული სოფლის მეურნეობაში. ოთხ წელზე გათვლილი აქტივობების განხორციელება 2019 წელს უნდა დაიწყოს. პროექტს ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს 9 კაციანი გუნდის მეშვეობით, რომელთა ოფისებიც მესტიასა და თბილისში განთავსდება.

რა მოცულობის თანხა დაიხარჯება ზემო სვანეთის განვითარებისთვის, ჯერ უცნობია. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ატაშემ და პროგრამის მენეჯერმა დომინიკ პაპენჰაიმმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ღონისძიებები და კონკრეტული საქმიანობა დაიგეგმება, როგორი იქნება მოქალაქეთა აქტიურობა და სურვილი, ჩაერთონ პროექტის განხორციელებაში. მანამდე შესაბამისი ექსპერტები ჩავლენ სამიზნე რეგიონებში, მოიკვლევენ ვითარებას და შეაფასებენ. მისივე განმარტებით, სწორედ კვლევის ანალიზის საფუძველზე ექნებათ პასუხები, სად რა აქტივობა განხორციელდება. ამ ყველაფრის შემდეგ მოხდება თანხებიც გადანაწილდება.

დომინიკ პაპენჰაიმი ამბობს, რომ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რამდენი შეიძლება იყოს მინიმუმ ერთი პროექტის ბიუჯეტი, რადგან პროექტი არ დაწყებულა. მისი თქმით, პირდაპირი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში მოსალოდნელი არ არის. აქ უფრო საუბარია სპეციალისტების მიერ კონკრეტული პირების გადამზადებაზე, მათ ხელშეწყობაზე, როგორ მიუდგნენ საკუთარ საქმეს, რომ მეტი ეფექტი მიიღონ, როგორ განავითარონ ის.

პროექტს სახელწოდებით - „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ხელი ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდება. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტები და კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდება. ახალი სტანდარტების საფუძველზე მოხდება სასტუმროების და სამთო-სამოგზაურო გიდების სერტიფიცირება. ასევე, იგეგმება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, გიდების და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

რაც შეეხება ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას, ამ კომპონენტში გათვალისწინებულია ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარება, შესაბამისი ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება, მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან ქვეყნის მთიანი რეგიონების მაღალ პოტენციალში. მისივე თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და შემოსავლის ზრდას, ამავდროულად დაიცავს მათ ბუნებრივ სილამაზეს და კულტურულ მემკვიდრეობას.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა აღნიშნა, რომ ისინი ამაყობენ საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის ერთობლივი პარტნიორობის დაწყებით, რომელიც ხელს შეუწყობს მზარდი ტურიზმის პოტენციალის და ორგანული სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას.

„ამ პროექტით გვეძლევა დიდი შესაძლებლობა, ვისწავლოთ ერთმანეთისაგან და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ევროპაში საქართველოსადმი, როგორც სამთო ტურიზმის დანიშნულების ადგილისადმი უკვე არსებული მზარდი ინტერესი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საქართველოსადმი, როგორც ორგანული პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნისადმი ინტერესის ზრდაც“, - განმარტა ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ.

პროექტის განსახორციელებლად ევროკომისიამ 3 მილიონი ევრო გამოყო, შვედეთის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ კი 2.8, და 1 მილიონი ევრო განისაზღვრა.