სმენადაქვეითებული და უსინათლო პირები ზუგდიდში, სპეციალურ კლუბში განათლებას მიიღებენ [ვიდეო]
პროექტის ფარგლებში, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, საგანგებოდ შეიქმნა ლორმის ანბანის ქართული ვერსია ჯერ კიდევ ივლისში, პოლონელი და ქართველი სპეციალისტების კოორდინაციით. ანბანის სწავლება ამ ადამიანებისთვის ხელის გულის მეშვეობით ხდება, რომლის თითოეული წერტილიც კონკრეტული ასოს აღმნიშვნელია, რაც უსინათლოებს შეგრძნებების მეშვეობით გაუადვილებს სწავლის პროცესს.
კლუბის საქმიანობაში საკრებულოს და მერიის თითო წარმომადგენელია ჩართული, რომლებიც გადაამზადეს პრობლემის მქონე პირებთან კომუნიკაციისთვის. ერთ-ერთი მათგანი მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელი და პროექტის ხელმძღვანელია ადგილზე, ნონა კვარაცხელია, რომელიც ჟესტების ენას ფლობს. მისი განმარტებით, ინტეგრაციისთვის საჭირო უნარებს ბენეფიციარები მათი დახმარებით განავითარებენ, მიიღებენ სერვისს საჭიროებების შესაბამისად. კლუბში ჯერ მხოლოდ სამი სპეციალისტია. თუმცა სურვილის შემთხვევაში მოხალისეებს გადაამზადებენ, გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც პოლონეთში ვიზიტისას შეიძინეს.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს საკრებულოს წევრი ირუზა კაკავაც, რომელიც კლუბში თარჯიმან მეგზურის ფუნქციას შეასრულებს და ურთიერთობასა და კომუნიკაციაში დაეხმარება ბენეფიციარებს, გაჰყვება შეხვედრებზე. ის ლორმის ენის სპეციალისტია. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მზადაა მსგავსი საჭიროების ბენეფიციარებს დაეხმაროს. კერძოდ, გამოყონ თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უკვე 2020 წლისთვის. ეს იმიტომ, რომ ამ კუთხით მუშაობას ახლა იწყებენ და მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ეს ვეღარ მოასწრეს.
„ჯერ ჩვენ მონაცემთა ზუსტი ბაზა არ გვაქვს. მოძიების პროცესში ვართ. მუნიციპალიტეტში უკვე თერთმეტამდე ასეთი საჭიროების მქონე ადამიანი მოვიძიეთ“, - აღნიშნა მან.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდნენ. მათაც დაადასტურეს მხარდაჭერისთვის მზაობა. მამუკა წოწერიამ კი განაცხადა, რომ ლორმის ანბანს შეისწავლის.
კლუბის გახსნის ღონისძიებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის დეპარტამენტის ვიცე დირექტორიც დაესწრო. მარეკ კუბერსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ პროექტს, რომელიც ძალიან სენსიტიური პრობლემის პირებს ეხებათ. მანვე განმარტა - ამ მიმართულებით საქართველოში დღემდე არავის უმუშავია.

„პოლონეთში უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს. გვინდა ჩვენი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის. ვფიქრობთ, ეს პროექტი იქნება წარმატებული, განსაკუთრებით თქვენს რეგიონში. საქართველო პოლონეთისთვის და პოლონეთის დახმარების პროგრამისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია 2004 წლიდან, როცა დავიწყეთ ამ პროგრამების განხორციელება“, - აღნიშნა მან.
შეხვედრის მონაწილეთა თქმით, თუ დღემდე არსებობდა მხოლოდ სმენადაქვეითებულის, ან უსინათლოს დეფინიცია საკანონმდებლო აქტებში, უკვე დაწყებულია მუშაობა და გაჩნდა ორივე პრობლემის ერთდროულად მქონის დეფინიციაც.
კლუბი შეიქმნა „მომავალი იწყება დღეს“ და პოლონური ორგანიზაცია Human Doc-ის პროექტის ,,მხედველობა - სმენის პრობლემების მქონე მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.
ზუგდიდში რომ მსგავსი კლუბი გაიხსნებოდა, ამის შესახებ ცნობილი საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გახდა.