ახალი ამბები
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობა დაიწყეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მამის მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო შიმშილობის აქცია დაიწყეს მთავარი პროკურატურის მისაღებში. მათი განცხადებით, "გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება".

მათ აქციას პროკურატურა განცხადებით გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

პროკურატურის ცნობით, უწყება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას მოითხოვენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ის 2011 წლიდან მოყოლებული გამოძიებას მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას. იკვეთება კიდეც,ერთი მაღალჩინოსანი, თუმცა პროკურატურა ცდილობს, მოერიდოს და სიფრთხილეს იჩენს.

ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე 1994 წელს თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. 2015 წელს პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.