დახურული ყინულის სახლის თანამშრომლების ხელფასებში ზუგდიდის მერიამ ათი ათასობით ლარი დახარჯა
„ვინაიდან ყინულის სახლის კონსტრუქცია დამოკიდებულია მთლიანად ელექტროენერგიაზე და მისი გათიშვის მომენტში საწვავზე, სადაც დამონტაჟებულია მრავალი ელქტროძრავა, მოიცავს დიდ ტერიტორიას და შესაძლებელია მისი ადვილად მწყობრიდან გამოყვანა, აუცილებლობას წარმოადგენდა ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო თანამშორმლების დასაქმება.
ელექტროენერგიის ერთი წუთით შეწყვეტის შემთხვევაში თუ არ ჩაირთო ელექტროგენერატორი, შეიძლება რთულ სიტუაციაში მოხვდეს ყინულის სახლის კონსტრუქცია, კერძოდ, მთლიანად ჩაიჩუტება მისი გარსი, რაც დააზიანებს კონსტრუქციას, მის შიდა ინტერიერს, ელექტროძრავებს, მის აღდგენას კი დიდი დრო და თანხები სჭირდება“, - ნათქვამია მერიის ოფიციალურ განცხადებაში.
6-წლიანი რემონტის შემდეგ ყინულის სახლი, როგორც მერიაში აცხადებენ, 2019 წლიდან ამოქმედდება, თუმცა ჯერ კიდევ არ იციან გახსნის ზუსტი თარიღი.
მერიაში ასევე არ იციან, რა თანხებით იფუნქციონირებს ყინულის სახლი, რადგან ბიუჯეტში თანხა გამოყოფილი არ არის. მერიაში განმარტავენ, რომ ყინულის სახლის მოვლა-პატრონობაზე 100 ათასი ლარი სპორტის განვითარების ცენტრის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა ცენტრის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით 1 მილიონ 160 ათასი ლარია. აქედან მილიონ 117 ათასი ლარი ცენტრის თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება.
მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ყინულის სახლის ფუნქციონირებისთვის საწირო ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებაც.
ზუგდიდში ყინულის სახლი პირველად 2007 წელს აშენდა და 2011 წელს ქუთაისისთვის ჩუქების მიზნით დაშალეს. მას შემდეგ ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საბოლოოდ, 2013 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საციგურაო მოედანი აშენდა, მაგრამ მას შემდეგ არ უმუშავია.