პროკურატურა ია კერზაიას საქმეზე: მოკვლევა დაწყებულია
„გუშინ შემოვიდა მისი განცხადება. მიმდინარეობს მოკვლევა“, - გვითხრეს საგამოძიებო ორგანოში.
ზუგდიდში, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. მიზეზი მისი შვილის, ბაჩანა შენგელიას განმარტებით ის გარემოებაა, რომ საჯაროდ არაერთხელ დაფიქსირებული პოზიციის მიუხედავად, რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
მათი მოთხოვნა ობიექტური გამოძიების პარარელურად, დამნაშავეთა დასჯა იქნება.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაციიდან ერთ კვირაში, 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მას ანევრიზმის დიაგნოზი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შვილი, ბაჩანა შენგელია სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლას და განათლების სამინისტროს მიერ დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნას უკავშირებს. ის ითხოვს გამოძიების დაწყებას. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი ინსპექტირება სკოლაში სტანდარტების შემოწმების მიზნით.