ახალი ამბები
პრეზიდენტი პარლამენტს: გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა
„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება, რაც პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.

„მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მამის მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო შიმშილობის აქციაც დაიწყეს მთავარი პროკურატურის მისაღებში. მათი განცხადებით, გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება.

მათ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვეს, დაინტერესდნენ ზვიად გამსახურდიას საქმით.