ზუგდიდში აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს გამსახურდიას ოჯახს
„შევიკრიბეთ თანამებრძოლები, იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებს. მათი მოთხოვნა სამართლიანია და ჩვენც მოვითხოვთ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ“, - გვითხრა ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა ლოთი ქობალიამ.
ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა განცხადებით, ისინი აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
14 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მამის მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო შიმშილობა დაიწყეს მთავარი პროკურატურის მისაღებში. მათი განცხადებით, „გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება".
დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტს მიმართა.
„მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება, რაც პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმე 1994 წელს თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. 2015 წელს პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.