სუსი: ლევან შონია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების - გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით“, - აცხადებენ სუსში.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
ყოფილ გუბერნატორს კონტრაბანდისტი უწოდა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ, რისთვისაც მას შონიამ სასამართლოში უჩივლა. სარჩელი სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგაც იყო, რადგან ზოდელავა ლევან შონიას „ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან" კავშირში ადანაშაულებდა.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის წარმომადგენლებს ლევან შონიას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დააკისრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. ის არ უარყოს ინფორმაცია , რომ ლევან შონია „კონტრაბანდაში მონაწილეობდა".