ახალი ამბები
ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი სამსახურში აღადგინეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გადამდგარი ჯუმბერ იზორია სამსახურში დაბრუნდა.

ინფორმაცია „ლაივპრესს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა რის საფუძველზე აღადგინეს ჯუმბერ იზორია, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

მან პოსტი მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიციის უფროსის ამ გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე „რუსთავი 2-ის“ „შაბათის კურიერში“ რეპორტაჟი გავიდა, რომლითაც ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ ჯუმბერ იზორიას ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი იყიდებოდა.