ლევან შონიას გირაო შეეფარდა - ყოფილი გუბერნატორი ფულის აღებას არ უარყოფს
ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდების მხარეს ნაწილობრივ დაეთანხმა. საუბარი ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასგან 10 ათასი დოლარის მიღებას შეეხება. ლევან შონიამ აღნიშნა, რომ მას ეს თანხა უკანონო საჩუქრის სახით არ აუღია, არამედ ქველმოქმედებისთვის იყო გადარიცხული, რაც ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანის დახმარებას გულისხმობდა.
სასამართლო ყოფილმა გუბერნატორმა კომენტარის გარეშე დატოვა.
ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს სუს-მა ბრალი გუშინ, 26 დეკემბერს წარუდგინა და ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ქრთამის აღების ფაქტზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლევან შონიას ბრალი, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარუდგინა.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით.
აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი ზუგდიდის ყოფილ მერს და ვიცე მერს, ლაშა გოგიას და გია გულორდავას. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. რამდენიმე დღის წინ იგივე საქმეზე დააკავეს მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია.