ზუგდიდის თეატრში დაპირისპირებული მხარეები თანამშრომლობაზე შეთახმდნენ
კულტურის სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი შეხვდა დაპირისპირებულ მხარეებს, რის შემდეგაც ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„სამინისტრო აწარმოებდა მოკვლევას ზუგდიდის თეატრში არსებულ დაპირისპირებაზე. მოუსმინეს მხარეებს. რის შემდეგაც გაირკვა, რომ ისინი მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის“, - გვითხრეს კულტურის სამინისტროში.
თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას განცხადებით, 18 დეკემბერს თეატრის ადმინისტრაციამ უკან გაიწვია წერილი, სადაც ის სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვდა.
„უკან გავიტანეთ წერილი. გადავწყვიტეთ, რომ ასე სჯობია თეატრისთვის“, - გვითხრა ზურაბ ეგუტიამ.

ბადრი წერედიანის განცხადებით, ის ზუგდიდის თეატრში დაბრუნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
„უამრავი ახალი იდეა და პროექტი მაქვს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ. ვაპირებ ცნობილი თეატრალური მოღვაწეების, რეჟისორების ჩამოყვანას, შეჩერებული პროექტების გაგრძელებას, რომლებზეც უმჯობესია, ზუგდიდის თეატრში ჩამოსვლის შემდეგ ვისაუბრო“, - გვითხრა ბადრი წერედიანმა.
ზუგდიდის თეატრიდან კულტურის სამინისტროში ორი წერილი გაიგზავნა. ერთ წერილში თეატრის 27 თანამშრომელი, მათ შორის დირექტორი, ბადრი წერედიანის გათავისუფლებას ითხოვდა. ბადრი წერედიანის გათავისუფლების მომხრეები მას რეპერტუარის არქონაში, მაყურებლის დაკარგვასა და ახალი პროექტების ჩაშლაში ადანაშაულებენ.
მეორე წერილი კი სამინისტროში სამხატვრო ხელმძღვანელის მხარდამჭერებმა გააგზავნეს.