თენგიზ ჯგუშია ყოფილი გუბერნატორის დასჯას ითხოვს [ვიდეო]
„6 წლის განმავლობაში ვიძახდი, რომ კორუფციული თამაშები სამეგრელოში დამთავრდება ძალიან ცუდად. ცუდი პრეცენდეტი შედგა, ყველა ერთად დაკავებულია კორუფციის ფაქტზე, მაგრამ მთავარი პროდიუსერი ლევან შონია, კორუფციული სქემის, რომელთანაც თითის გაქნევით მიდიოდა წილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხელისუფლებამ მაინც უფრო დაინდო და გამოკეტა შინა პატიმრობაში და შონიას ხელქვეითები, რომლებიც რუსული ბარბარიზმების გავლენის ქვეშ იმ ზუგდიდელი ბიზნესმენისგან სამარცხვინოდ თარგმნიდნენ რაღაც სიტყვებს, დღეს არიან გამოკეტილები. მაგრამ, კანონი არ უნდა იყოს შერჩევითი. სანამ შონიას არ ექნება ყველაზე დიდი განაჩენი ამ საქმიდან, მანამ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან მისი ორგანიზაცია უფრო გააქტიურდება.
„ვიბრძოლებ, რომ ზუგდიდს ალავიძის, გახარიას, ბიზნესმენის, თუ ოცნებისგან დარჭობილი მერები არ ჰყავდეს“, - აღნიშნა მან.
ლევან შონიას სუს-მა ბრალი მიმდინარე წლის 26 დეკემბერს წარუდგინა. გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით. ყოფილი გუბერნატორი დაკავებული არ არის. მას აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი ზუგდიდის ყოფილ მერს და ვიცე მერს, ლაშა გოგიას და გია გულორდავას. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. რამდენიმე დღის წინ იგივე საქმეზე დააკავეს მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია.