ახალი ამბები
წალენჯიხასა და მესტიაში პოლიციის შენობების მშენებლობისთვის 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
შინაგან საქმეთა სამინისტრო წალენჯიხასა და მესტიაში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობას გეგმავს. კერძოდ, სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე და დაბა მესტიაში, გვალდირში მდებარე შსს-ს სარგებლობაში მქონე მიწის ნაკვეთზე, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობები აშენდება.

მესტიაში სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სატენდერო ღირებულება 5 მილიონ 586 ათას 376 ლარია. წალენჯიხაში დაგეგმილი მშენებლობისთვის კი 3 მილიონ 358 ათას 803 ლარი გამოიყო.

„დაბა მესტიაში სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა განკუთვნილია სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და SKI პატრულის დანაყოფების განსათავსებლად“, - განმარტეს სამინისტროში.

მათივე ცნობით, მესტიასა და წალენჯიხაში მოქმედი პოლიციის შენობების დემონტაჟი არ იგეგმება.

ორივე მუნიციპალიტეტში რომ ახალი შენობების მშენებლობა იგეგმებოდა, ამის შესახებ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში 21 დეკემბერს განაცხადა.