ახალი ამბები
ყოფილ თანამშრომელს ზუგდიდის მერიამ 36 ათას ლარამდე განაცდური აუნაზღაურა
ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილ უფროს ორი წლის განაცდური სრულად აუნაზღაურდა. ინფორმაცია „ლაივპრესს“ თავად მაია ღურწკაიამ დაუდასტურა. თუმცა ამბობს, რომ ამით ბრძოლა არ დაუმთავრებია. მისი თქმით, შვიდი დეკემბრიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ბაზაში ირიცხება, რაც ნიშნავს, რომ ექვსი თვის განმავლობაში მიიღებს კომპენსაციას, ხელფასს, რასაც მისივე თანამდებობაზე მომუშავე მოხელე იღებს.

მაია ღურწკაიას განმარტებით, ამავე საანგარიშო პერიოდში უნდა მოხდეს მისი აღდგენა იმ თანამდებობაზე, რომელიც გათავისუფლებამდე ეკავა, ან ტოლფასი პოზიციის შეთავაზება.

„ანაზღაურების დაკმაყოფილება არ ნიშნავს, რომ მე მოვრჩი ბრძოლას. მარტო ჩემს თანამდებობას მოვითხოვ. აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად მოვითხოვ ჩემი პირადი საქმეები და სივი, მაგდალინა თოდუას (საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი) პირად საქმეებთან და სივთან იყოს შეჯერებული, მოხდეს გადახედვა და შეჯიბრის საფუძველზე ჩემს თანამდებობაზე აღდგენა“, - გვითხრა მაია ღურწკაიამ.

ზუგდიდის საკრებულომ გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე, 25 დეკემბერს მიიღო, ორი წლის განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რომელიც 35 960 ათას ლარს შეადგენს. ამ თანხისთვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. მანამდე ჩვენთან საუბარში მაია ღურწკაიამ დაგვიდასტურა, რომ მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. 

ატესტაცია 2016 წლის 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა, რის შედეგადაც გამგეობა თანამშრომელთა ნაწილმა დატოვა. მათ შორის მაია ღურწკაიამ. მან ეს ყველაფერი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. ბრალდებები მაშინ გამგეობაში უარყვეს.