ზუგდიდის აფთიაქებში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იყიდება
აფთიაქების ცხელ ხაზზე „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ არ იციან, თუ როდის ექნებათ ქსელში ვაქცინები. მათ ასევე უარი თქვეს განემარტათ, თუ რატომ არ არის ვაქცინა ხელმისაწვდომი აფთიაქებში.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, აფთიაქებში ვაქცინების არარსებობა, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ვაქცინაციის პერიოდი ძირითადად შემოდგომაზეა.
„აცრის სეზონი არის ოქტომბრის თვეში და ძირითადად ამ სეზონზე შემოაქვთ ხოლმე ვაქცინები. აფთიაქები ძირითადად კომერციულ გათვლებზე მუშაობენ და ალბათ მაშინ შემოაქვთ, როცა ამაზე მოთხოვნა არის მოსახლეობაში“, - გვითხრა ნანა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, მართალია ვაქცინაციის სეზონი გავიდა, მაგრამ ის ადამიანი, ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, შესაძლოა ნებისმიერ სეზონზე აიცრას.
„ქრონიკული დავადებების მქონე ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, ნებისმიერ სეზონზე შეუძლიათ აცრა გაიკეთონ“, - აღნიშნა მან.
გაირკვა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ზუგდიდში ამ ეტაპზე, მხოლოდ „ევექსის“ სამედიცინო დაწესებულებებში გვხვდება.
„ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან გაიკეთოს ვაქცინა, რომელიც გვაქვს სხვადასხვა სახეობის, შესაბამისად, ფასებიც არის სხვადასხვა“, - გვითხრეს „ევექსში“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაციაა. „გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
სამეგრელო - ზემო სვანეთში ბოლო ორ თვეში ე.წ. ღორის გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი ამ დროისთვის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტს მკურნალობენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია, გრიპის სიმპტომებით 28 დეკემბრიდან დღემდე ჰოსპიტალს 229- მა მოქალაქემ მიმართა.