ნიკო დადიანის მეგრულენოვანი წერილი, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება [ფოტო]
აღმოჩენილ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა სამეგრელოს მთავრის, ნიკოლოზ დადიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებული წერილები. მათ შორის არის ბრძანება, სამეგრელოს მთავრის სტატუსზე უარის თქმის სანაცვლოდ, ნიკო დადიანისთვის „უბრწყინვალესი თავადის ტიტულის“ ბოძების შესახებ.
ბრძანება ქართულად და მეგრულად არის შედგენილი.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა / ფოტო: გიორგი კალანდია
„საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფს საშუალება მიეცა, შეისწავლოს ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული დღემდე უცნობი ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული მასალები ბიბლიოთეკის ქართველი თანამშრომლის, ანა-ხათუნა ჭელიძის დახმარებით. დავიწყეთ მანამდე უცნობი მასალების შესწავლა. გადმოგვცეს ეგრეთ წოდებული დადიანთა არქივი, რომელიც 100 ზე მეტ დოკუმეტს მოიცავს. მათ შორისაა ეკატერინე ჭავჭავაძის და სამეგრელოს სამთავრო სახლის წევრთა ბიოგრაფიები, საინტერესო ჩანაწერები დადიანების სასახლის შესახებ და სამეგრელოში ომარ ფაშას დამანგრეველი ლაშქრობის შესახებ“, - ამბობს პროფესორი გიორგი კალანდია.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკა / ფოტო: გიორგი კალანდია
მისივე თქმით, აღმოჩენილ დოკუმენტებს შორის არის ასევე იმერეთის დედოფლის, ანა ორბელიანის ქართული წერილები, საქართველოს ქალაქების ისტორიული იერსახის ამსახველი გრავიურები, ინგლისელი მოგზაურების მიერ შექმნილი ჩანახატები ქართველთა ყოფისა და ისტორიის შესახებ.
გიორგი კალანდია ამბობს, რომ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ მასალებს ხელოვნების სასახლე ცალკე წიგნად გამოსცემს.
საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერთა ჯგუფი გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმყოფება.