განათლების მინისტრი: საათში ერთხელ კომუნიკაცია გვექნება სკოლებთან
მიხეილ ბატიაშვილის სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილებას უსწრაფესად მიიღებენ. მისივე ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დღეს მშვიდად დაიწყო.
„ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად, ფაქტობრივად ყოველ საათში ერთხელ კომუნიკაცია სკოლებთან განხორციელდება და თუ გარკვეულ რისკებთან იქნა დაკავშირებული სწავლის პროცესის როგორც მიმდინარეობა, ისე ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, შესაბამის ღონისძიებებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც დამოკიდებული თვითონ პროცესიდან გამომდინარე იქნება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრი სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჰიგიენას. მისი სიტყვებით, სამინისტროს მხრიდან ახალი რეკომენდაციები გავრცელდა, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი ჰიგიენური წესების მაქსიმალურ დაცვას ეხება.
ზუგდიდის 51-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა და შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც „ლაივპრესს“ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ განუცხადა, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.