ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნაზე აქციის მონაწილეებმა პასუხი ვერ მიიღეს
„ლაივპრესის“ გალელი რესპონდენტების ინფორმაციით, დღეს ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამონაკლისის სახით, მხოლოდ სტუდენტებს მიეცემათ ენგურის ხიდზე ორმხრივად მოძრაობის უფლება.
მანამდე აფხაზურმა გამოცემა „ნუჟნაია გაზეტამ“ გაავრცელა ინფორმაცია გალში გამართული აქციის შესახებ. მისი ცნობითვე, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.
გამოცემა ასევე წერს, რომ მოქალაქეები ე.წ. საზღვარზე ყოველდღურ რეჟიმში გადაადგილდებიან სხვადასხვა მიზეზით მათ შორის საწავლებლად, სამუშაოდ, სავაჭროდ, სოციალური დახმარების მისაღებად და სამკურნალოდ. აქციის ვიდეო გაავრცელა დღეს პორტალმა „გალ ინფომაც“.
ენგურის ხიდი ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების აცილების მიზეზით 11 იანვარს ჩაიკეტა. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციით, კარანტინი ორი თვე გაგრძელდება. თუმცა სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვართან რიგები 21 იანვარს დადგა. გალელების ინფორმაციით, ხიდი უნდა გახსნილიყო, თუმცა აქ ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა. გადაადგილების შეზღუდვის გამო გალელ სტუდენტებს, რომლებიც განათლების მისაღებად დანარჩენ საქართველოში ვერ გადმოდიან, გამოცდები გადავადება უწევთ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ გამოცხადებული კარანტინი გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს. ქეთევან ციხელაშვილმა მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, გადახედოს გადაწყვეტილებას.