გალის რაიონის დეპუტატი მოსახლეობას დე ფაქტო პრეზიდენტთან შუამდგომლობას ჰპირდება
კახა პერტაიას თქმით, ის, როგორც გალის რაიონის დეპუტატი, უშუამდგომლებს გალელებს დე ფაქტო პრეზიდენტთან, ორივე საკითხის მოგვარების წინადადებით კანონიერი გზით.
დეპუტატმა ისაუბრა გალის მცხოვრებთა დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიასთან გამართულ შეხვედრაზეც, სადაც საუბრის მთავარი თემა სწორედ კარანტინი და აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადის გახანგრძლივებაზე უარი იყო, რაც მათ ართმევს შესაძლებლობას გადაკვეთონ „სახელმწიფო საზღვარი“ სწავლის, სამედიცინო სერვისით სარგებლობის თუ სხვა საოჯახო საჭიროებისთვის.
ამის შესახებ კახა პერტაიამ აფხაზურ მედია კლუბ „აპსნი იახას“ განუცხადა.
გალელებმა დე ფაქტო ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. შედეგად მათ თემურ ნადარაია შეხვდა. ის ირწმუნება, რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი და „მოეჩვენა“, რომ ადგილობრივებმა ნათქვამი გაიგეს.
„ლაივპრესს“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა რესპონდენტებმა განუცხადეს, მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი მოთხოვნაზე.
ენგურის ხიდი ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების აცილების მიზეზით 11 იანვარს ჩაიკეტა. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციით, კარანტინი ორი თვე გაგრძელდება.
თბილისის ინფორმაიით, კარანტინი გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს. ქეთევან ციხელაშვილმა მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, გადახედოს გადაწყვეტილებას.