ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მერს ხვდებიან
აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მოიძიოს ახალი ინვესტორი, ან ძველს მოსთხოვოს დავალიანების დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით ფართომაშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.
გუნდს 2016 წლამდე ხობის მერია აფინანსებდა. ის მერიის ბალანსზე დღემდე რჩება, თუმცა კერძო ინვესტორი აფინანსებს. ეს ინვესტორი ამ ეტაპზე კლუბისთვის თანხის გამოყოფას ვერ ახერხებს, რადგან მანამდე გიორგი გოგენიამ "ლაივპრესს" უთხრა, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
გუნდის კაპიტანი ამბობს, რომ კლუბი იღებს თანხას, 250 ათასი ლარის ოდენობით ფეხბურთის ფედერაციის ფონდისგან, თუმცა ამ თანხიდან ასი ათას ლარამდე ხელფასებს ხმარდება. დანარჩენი თანხა სხვა ხარჯებისთვისაა განკუთვნილი. იმ შემთხვევაში თუ ამ თანხით დავალიანებას გაისტუმრებენ კლუბს წლის განმავლობაში არსებობა გაუჭირდება.
ფეხბურთელები ამ წუთას მერს ხვდებიან და კლუბის გადარჩენის გზებზე მსჯელობენ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, დავალიანება 70 ათასი ლარია, ინვესტორი მოძიებულია და ეს თანხა დაიფარება.