ახალი ამბები
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მონუმენტს დადგამენ
ზუგდიდში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში დაღუპული მამულიშვილების ხსოვნის უკვდავსაყოფად ქანდაკება დაიდგმება. ტენდერი ადგილობრივმა მერიამ გამოაცხადა. ძეგლი სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 ათასი ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.

აგვისტოს ომიდან ათ წელზე მეტი გავიდა.

შეიარაღებულმა დაპირისპირებამ სამეგრელოდან 37 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სულ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ომს 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. დევნილად იქცა 150 ათასი, რომელთაგან 30 ათასი ამ დრომდე იძულებით გადაადგილებული პირია.