თენგიზ ჯგუშიას ზუგდიდის მერობა სურს [ვიდეო]
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ზუგდიდში კორუფციის ბრალდებით დაკავეს მერი, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მერის არჩევნებში კანდიდატურის დასახელების უფლება, ამიტომაც ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია კანდიდატურას წარადგენს.
„თუ „ოცნება“ კიდევ იკადრებს და წარადგენს ზუგდიდში მერობის კანდიდატს, ეს იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლის იქითაც მოსახლეობასთან პასუხისმგებლობის ვექტორის მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა.
მე არ მქონდა გეგმაში მერობის არჩევნებში მონაწილეობა. არ ვმალავ, რომ ვემზადებოდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერს, მაქვს ამის დაკვეთა ხალხისგან, მაგრამ შეიძლება ამ გეგმებში კორექტივები შევიდეს, იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ აკადრებს ზუგდიდს და ისევ მასირებული შეტევით დააყენებს მერობის მორიგ კანდიდატურას“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.
გასული წლის 1 ნოემბერს, ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და ვიცე-მერმა გია გულორდავამ, ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.