ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობაზე: შეიძლება ვიყო ცუდი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მენეჯერი ვარ
ზვიად სიჭინავა „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ საჭიროა ქალაქების, ქვეყნების გამოცდილების ეფექტურად გამოყენება:
„არ ვამბობს, რომ უეჭველი მე მინდა მერი ვიყო. მზად ვარ, თუ კარგი კანდიდატები იქნებიან ხელისუფლების მხრიდან, ან ოპოზიციისგან, ნებისმიერს დავუჭირო მხარი, თუ ვნახავ, რომ ისინი მზად არიან განავითარონ ქალაქი, მოიზიდონ ბიზნესმენები, ინვესტიციები. რაც აკლია ჩემს ქალაქს, ეს არის ნორმალური მენეჯმენტი და ლოჯისტიკა. ფიზიკურადაც დავეხმარები და შეიძლება ფინანსურადაც გვერდში დავუდგე“.
მიიღებს თუ არა მმართველი პარტიის შეთავაზებას, ამბობს, რომ „დიდი სიამოვნებით“. ითანამშრონმლებს ოპოზიციასთანაც, სხვადასხვა ბლოკთან თუ ჯგუფთან, ვისაც ზუგდიდისთვის სასიკეთო ცვლილებები სურს.
რა მოლოდინი აქვს, დაუჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს, განმარტა - ადამიანებთან მისვლაა საჭირო, მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რისი გაკეთება შეუძლია და როგორ. ზვიად სიჭინავას თქმით, მისი დევიზი ყოველთვის იყო - თვითმმართველობა ხალხს.
„მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვალინდელი დღე. რა მჭირდება დღეს მე სახლში, ვიცი მე. არ იცის ჩემმა მეზობელმა“, - გვითხრა ზვიად სიჭინავამ.
რამ შეუშალა ხელი ორი წლის წინ გამარჯვებაში, აღნიშნავს, რომ ალბათ პირველ რიგში გამოუცდელობამ. მისი თქმით, შეიძლება იყოს ცუდი პოლიტიკოსი, თუმცა კარგი მენეჯერია, რაც არაერთხელ დაამტკიცა:
„ალბათ იმ პერიოდში არ სჯეროდა ჩემი ზუგდიდელების უმრავლესობას. თუმცა მე მათი მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“.
აქვს სლოგანი - ზუგდიდი ნომერ პირველი ქალაქი გახდეს საქართველოში, რისი პოტენციალიც ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ნამდვილად აქვს.
ზვიად სიჭინავა 2017 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა დამარცხდა. ის ამ თანამდებობისთვის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იბრძოდა.