თენგიზ ჯგუშია მერობის შემთხვევაში „პრადოების“ გაყიდვას და ავტობუსით მგზავრობას გეგმავს [ვიდეო]
„ზუგდიდის ბალანსზე არსებული ათობით ჯიპი, მინიმუმ მილიონის ექვივალენტით დადგება აუქციონზე. ვფიცავ ჩემი ოჯახის ღირსებას, ის გაიყიდება ხალხის თვალწინ“, - განუცხადა თენგიზ ჯგუშიამ დღეს ჟურნალისტებს. მან ბრიფინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ, საჯარო მოხელეების ავტომობილების ფონზე გამართა.
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაისში დანიშნულ მერობის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს იყარის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.
თენგიზ ჯგუშიამ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობის მსურველ სხვა კანდიდატებს, მმართველი პარტიის სახელით არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ის მზად არის დამოუკიდებელ კანდიდატს გვერდში დაუდგეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს.
კონკრეტულად რომელ კანდიდატებზეა საუბარი, თენგიზ ჯგუშიამ არ დააკონკრეტა. აღნიშნა, რომ „ყველა თავად ამოიცნობს თავის თავს“.
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ზუგდიდის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებზეც, რომლებიც ქრთამის აღების ბრალდებით არიან დაკავებული. განმარტა, რომ ამის ფონზე მმართველ პარტიას არ აქვს მორალური უფლება, არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.
გასული წლის 1 ნოემბერს, ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეუფარდა.