ვახტანგ ყოლბაია: გალის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა
პრესსამსახურის ინფორმაციით, ის დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთიასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იქ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
ვახტანგ ყოლბაიას სიტყვებით, მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, პრობლემები ექმნებათ ენგურის იქით დარჩენილ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„თუმცა აღვნიშნავ, რომ სოხუმის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ნება და მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილმა შეძლო ენგურის ხიდის გადმოკვეთა. შექმნილი ვითარებით შეწუხებულია აგრეთვე ზუგდიდის მოსახლეობაც. თუ ადრე, გადასასვლელის ჩაკეტვამდე ენგურზე დღის განმავლობაში 4-5 ათასი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში იყო ჩართული, ახლა მოსახლეობა ამას ვეღარ ახერხებს რადგანაც ის ერთადერთი გადასასვლელიც პარალიზებულია. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ენგურის ხიდზე ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კარანტინი 11 იანვარს გამოცხადდა. მოსახლეობამ დე ფაქტო მთავრობას კარანტინის მოხსნა სთხოვა და საპროტესტო აქციაც გამართა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ხიდზე გადაადგილება მხოლოდ სამედიცინო ცნობის მქონეებს და ენგურჰესის თანამშრომლებს ეძლევათ.