ახალი ამბები
ლელა ქებურიამ ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში დეპუტატებს მიმართა
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ დღეს პარლამენტში წაიკითხა წერილის ნაწილი, რომელიც საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმებას სავარაუდო დარღვევების გამო.

დეპუტატმა განაცხადა, რომ „ბუნებაში არ არსებობს ლავრენტი ქირია,“ რომელიც ამ წერილის ავტორად არის მოხსენიებული.

„ღრმად პატივცემულო მინისტრო, გისურვებთ ააყვავოთ განათლება, როგორც მეფე დავითმა საქართველო. ასე იწყება ლავრენტი ქირიას წერილი, რომელიც საფუძვლად დაედო განათლების მინისტრის ბრძანებას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების შესახებ“, - აღნიშნა მან.

ქებურიას განცხადებით, განათლების სამინისტროს დასჭირდა ორი წუთი, რათა წერილი კანცელარიაში გაეტარებინა, შემდეგ შესაბამის დეპარტამენტში გადაეგზავნა, მინისტრს გაეანალიზებინა მოყვანილი ფაქტები და ინსპექტირების ბრძანება გაეცა.

ქებურიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა, არის თუ არა ეს ინფორმაცია, ასევე ია კერზაიას მიერ გარდაცვალებამდე გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური დევნის შესახებ, მისი მიმართვა სახალხო დამცველისადმი და პროკურატურის უარი - დაიწყოს გამოძიება, საკმარისი საფუძველი ეჭვისთვის, რომ ია კერზაიას მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„მეტსაც გეტყვით. თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ ორგანიზებული კინოჩვენებები, სადაც ბავშვების მიყვანა დაავალეს რესურცენტრის ხელმძღვანელებსა და დირექტორებს. შემდეგ ამ ხმაურიანი საქმის დეტალები საზოგადოების წნეხის გამო ვითომ და განათლების სამინისტრომ შეისწავლა. ამ ვითომ და შესწავლილ საქმეშიც არის ძალიან საყურადღებო გარემოება - თუ სხვა სკოლების შემთხვევაში ბავშვების მიყვანა დაავალეს სკოლის დირექტორებს, მე-6 საჯარო სკოლის შემთხვევაში ბავშვების მიყვანა დაევალა სასწავლო ნაწილის გამგეს. ანუ, ეს ყველაფერი მოხდა ია კერზაიას გვერდის ავლით. ანუ, ია კერზაია უკვე დიდი ხანია შერაცხულია, როგორც არასანდო დირექტორი“, - განაცხადა ლელა ქებურიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმების გამო. მისი თქმით შემოწმება რეალურად უკავშირდებოდა იმას, რომ ია კერზაიამ უარი თქვა არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე. განათლების სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება, რომლის პოლიტიზება დაუშვებელია. სამინისტროს განცხადებითვე, შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად, დირექტორი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ.