ორ საათში ენგურის ხიდი 500-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა - "გალ ტვ"
ენგურის ხიდზე გადაადგილება 5 თებერვალს, თბილისის დროით 15: 00 საათზე აღდგა. გალიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსულმა მგზავრებმა „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ე.წ. საგუშაგოზე მხოლოდო დროებით დოკუმენტებს სთხოვენ - ბინადრობის მოწმობას და ფორმა № 9-ს. ეს ის საბუთებია, რომელსაც ე.წ. აფხაზური პასპორტების ნაცლად სოხუმი გალელებზე გასცემს. დე ფაქტო ხელისუფლება გალში მცხოვრებ ქართველებს „უცხო ქვეყნის მოქალაქეებად“ თვლის და ამ მიზეზით უარს ამბობს პასპორტების გაცემაზე. მიუხედავად მოქალაქეების მოთხოვნისა, გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ „საქართველოსთან აფხაზეთი ორმაგ მოქალაქეობას“ არ დაუშვებს.

ენგურის ხიდი 5 თებერვალს, გახსნიდან 1 საათში. ფოტო: "ლაივპრესი"
რაც შეეხება დროებით დოკუმენტებს, მას მოქალაქეები გალის ე.წ. ადმინისტრაციაში საბუთების წარდგენის შემდეგ იღებენ. მაგალითად, ბინადრობის მოწმობის ვადა 5 წელია და მისი მიღება დაახლოებით 100 ლარამდე ჯდება. გალელებს არ აქვთ ინფორმაცია, ენგურის ხიდზე შეზღუდვების მოხსნა დროებითი ღონისძიებაა თუ არა. მგზავრების თქმით, მათთვის ე.წ. საგუშაგოსთან არაფერი განუმარტავთ.

ე.წ. ბინადრობის დროებითი მოწმობა. ფოტო: "ლაივპრესი"
თემურ ნადარაიამ 5 თებერვალს, გადაადგილების აღდგენის შემდეგ, გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ განუცხადა, რომ ენგურის ხიდის გახსნის მიუხედავად, კარანტინი ძალაში რჩება. ადმინისტრაციულ საზღვართან იმორიგევებს მოძრავი ლაბორატორია, სადაც აფხაზეთში შემსვლელ მოქალაქეებს გამოიკვლევენ. მანვე განმარტა, რომ 5 დღის მანძილზე გადახედავენ და მიღებული შედეგების მიხედვით მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, შეზღუდვასთან დაკავშირებით.

თემურ ნადარაია. ფოტო: "აფსნიპრესი"
ენგურის ხიდი 11 იანვარს ჩაიკეტა, ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. მაშინ დე ფაქტო მთავრობამ დაანონსა, რომ კარანტინი ორ თვეს გაგრძელდებოდა. 23 იავარს გალში საპროტესტო აქციაც გაიმართა კარანტინის მოხნის და გალელებზე ე.წ. პასპორტების გაცემის მოთხოვნით, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.