ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს აპარატში 17 ათას ლარზე მეტი ფულადი ჯილდო გაიცა
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის 15-მა პროფესიულმა საჯარო მოხელემ ჯამში ფულადი ჯილდო - 17 ათას 300 ლარის ოდენობით მიიღო. ეს თანხა 2018 წლის დეკემბერში გაიცა. „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ჯილდო მიიღო მესამე რანგის პირველი კატეგორიის 12-მა სპეციალისტმა, მესამე რანგის მეორე კატეგორიის ორმა უფროსმა სპეციალისტმა და ერთმა მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა.

წამახალისებელი თანხა მათზე საჯარო მოხელეთა შეფასების საბოლოო შედეგების გათვალისწინებით გაიცა. მათი ვინაობა ჩვენ არ მოგვაწოდეს.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საკრებულო ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირების თანხმობის გარეშე. ამიტომ, მოკლებული ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ფულადი ჯილდოს მიმღები საჯარო მოხელეთა სახელის, გვარის და მათზე გაცემული თანხის შესახებ“, - განმარტეს საკრებულოში.

წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირებს და აპარატის სხვა თანამშრომლებს დანამატი და ფულადი ჯილდო არ მიუღიათ.

„ლაივპრესმა“ ინფორმაცია 2018 წლის პირველი ნომებრიდან 29 იანვრის ჩათვლით გამოითხოვა.

ფულადი ჯილდო ამავე საანგარიშო პერიოდში გაიცა სენაკის, ხობის და მარტვილის საკრებულოებში. დანამატი მიიღო ჩხოროწყუს მერიის ერთმა თანამშრომელმაც.