ახალი ამბები
პრემიერი: ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

„ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო; განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ორ-ნახევარჯერ ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები.