ზუგდიდში მუნიციპალიტეტების მერებმა რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე ისაუბრეს [ვიდეო]
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომამდგენელმა ანა ცანავამ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩომ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს“ გადასცა ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც ითვალისწინებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირებულობის გაზრდას.
„ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო“, - განაცხადა ანა ცანავამ.

ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა ისაუბრა იმ გავრცელებულ მითებზე, რომელსაც რუსული პროპაგანდა ავრცელებს ევროკავშირთან დაკავშირებით.
„საინფორმაციო ქსელის საშუალებით, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, რუსული იმპერიალისტური მანქანა ხშირად ავრცელებს არასწორ მითებსა და შეხედულებებს ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ იკიდებს ხოლმე ფეხს საზოგადოებაში. მითების გამავრცელებლები ცდილობენ, რომ ჩვენი ერის ისტორია, ტრადიციები, კულტურა გამოიყენონ საამისოდ. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებამ არა კონტრპროპაგანდა, არამედ ინფორმირებული არჩევანი დაუპირისპიროს მას. მეტი უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ გვინდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რადგან ადამიანები როცა წაიკითხავენ დეზინფორმაციას, ჰქონდეთ ალტერნატიული, ჯანსაღი ინფორმაცია და არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი“, - განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.
აბაში მუნიციპალიტეტის მერის ლევან მაკალათიას განცხადებით, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს რუსული პროპაგანდის საფრთხე.
„ცოტა ხნის წინ ვიყავი გუბერნიაში, სადაც მეხანძრეებთან ერთად ვსაუბროდბით იმაზე, თუ როგორ უნდა მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია, რომ ფრთხილად იყონ ხანძართან, დამერწმუნეთ, რომ ასანთით მიღებული ცეცხლი ვერასოდეს იქნება ისეთი საშიში, როგორც რუსეთის მიერ დანთებული ცეცხლი, რომელიც მომაკვდინებელია“, - განაცხადა ლევან მაკალათიამ.

გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალიას თქმით, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები სრულად არ ასახავს რუსეთის მიერ წარმოებულ დამპყრობლურ პოლიტიკას და ხელისუფლებამ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს, რატომ არის რუსეთი ცუდი. ჩვენ ვერ მივეცით სწორი შეფასება 90-იანი წლების მოვლენებს, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ამ ყოველივეს სიმართლეს არ დავუპირისპირებთ. როცა ტყუილზე ააგებ მოვლენებს შედეგებსაც შესაბამისს ღებულობ, ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი, რომელიც ასახავს რუსეთის სახე და არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლაშა გვასალიამ.
შეხვედრის დასასრულს მერები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში გამართავენ.
პროექტი „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების გაშუქებას.