ახალი ამბები
ხობის მერიაში 112 ათას ლარამდე ფულადი ჯილდო და დანამატი გაიცა
ხობის მერიაში ფულადი ჯილდოს და დანამატის სახით, სამ თვეში, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან პირველ თებერვლამდე ჯამში 111 ათას 564 ლარი გაიცა. „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელფასო დანამატი მიიღო მერიის 39-მა თანამშრომელმა, ჯამში 10 ათას 859 ლარის ოდენობით, სამსახურში არმყოფი სხვა საჯარო მოხელეების მოვალეობის შესრულებისთვის, დამატებითი ფუნქციის დაკისრების გამო.

ასევე, ფულადი ჯილდო დაერიცხა 123 თანამშრომელს, სულ 87 ათას 160 ლარი, მოხელის შეფასების შედეგების ან/და დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულების, „ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“.

ფულადი ჯილდო გაიცა ხობის მერიის სამ ააიპ-ში, დეკემბრის თვეში, წახალისების სახით. 33-მა თანამშრომელმა ჯამში 6 ათას 545 ლარი მიიღო. კერძოდ, ააიპ „სკოლამდელ დაწესებულებაში“ ერთ ადამიანზე 250 ლარი გაიცა. ააიპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორმა თანამშრომელმა მთლიანობაში 295 ლარი მიიღო. „კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრში“ ოცდაათ ადამიანზე 6 000 ლარი გაიცა.

ასევე, წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, სულ 31 კაცზე - 7 ათასი ლარი, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

„რაც შეეხება ინფორმაციას თანამშრომლის სახელის, გვარის და გაცემული თანხის ოდენობის შესახებ, კანონმდებლობით, პერსონალურ მონაცემთა გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ პირების თანხმობით“, - ნათქვამია ხობის მერიის წერილში.

ფულადი ჯილდო და პრემია-დანამატი გაიცა ზუგდიდის მერია-საკრებულოში, ხობის, სენაკის, მარტვილის საკრებულოებსა და ჩხოროწყუს მერიაში.