ახალი ამბები
მუნიციპალიტეტის მიწის უნებართვოდ დაკავებისთვის პირი შესაძლოა დაჯარიმდეს
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა დასჯადი იქნება. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა შევიდეს. საკითხის განხილვა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაცაა. საკითხზე იმუშავეს ზაზა გაბუნიამ, გიორგი კახიანმა და კობა ლურსმანაშვილმა.

პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დამკავებელი, ან უფლების გარეშე მოსარგებლე, დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისას 2 ათასი ლარით.

ამჟამად მოქმედი კანონით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება ისჯება ჯარიმით მხოლოდ თბილისში, სხვა მუნიციპალიტეტებს კი ასეთ სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ.