ახალი ამბები
ზუგდიდში სკრინინგცენტრისთვის სლოვაკეთმა 39 ათასი ევრო გამოყო

ზუგდიდში სკრინინგცენტრის სამედიცინო აპარატურით მოსაწყობად ეუთოს

თავმჯდომარე სლოვაკეთის სახელმწიფომ 39 ათასი ევრო გამოყო. რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ფინანსური დოკუმენტი ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორს, რემა ღვამიჩავას პირადად გადასცა. მისი თქმით, ჩეხეთის მხარდაჭერით სრულიად ახალი შენობა აშენდა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მისი აღჭურვა საჭირო აპარატურით.

სკრინინგცენტრი მაისის ბოლოს გაიხსნება, რომლითაც სარგებლობას როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობაც შეძლებს. ტერიტორიულად ცენტრი კიტიას ქუჩაზე, სამხარეო ადმინისტრაციის უკან მდებარეობს.

„ეს იქნება ევროპული სტანდარტებით აშენებული და ევროპული დონის აპარატურით აღჭურვილი. სწორედ ამისთვის მოხდა დღეს სლოვაკეთის ეუთო-ში თავმჯდომარეობის მხარდაჭერით თანხის გადმორიცხვა“, - განმარტა მან.

39 000 ევრო სლოვაკეთის განვითარების ფონდიდან გამოიყო. ამის შესახებ დღეს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რატომ ვართ ჩვენ დღეს აქ - სლოვაკეთი ეუთო-ს 2019 წლის თავმჯდომარე ქვეყანაა. ჩვენ გვინდა, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება განვამტკიცოთ. თუ გვინდა შედეგიანი იყოს, დიალოგში ლიდერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა ჩავრთოთ“, - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

„ადამიანები უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებენ. ჩვენ შეგვიძლია დიდი მოვლენები განვახორციელოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კიბო ეს არის სიკვდილიანობის გამომწვევი მეორე ძირითადი მიზეზი და შეგვიძლია, ერთად ვებრძოლოთ ამ დაავადებას დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მეშვეობით. ზუგდიდში სკრინინგცენტრი სწორედ ამ მიზანს მოემსახურება“, - აღნიშნა მან.

პრესკონფერენციას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.