როგორ მივიღოთ თხილის კარგი მოსავალი - კონფერენცია ზუგდიდში [ვიდეო]
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფერმერებს გააცნო ის სიახლეები, რასაც სახელმწიფო გეგმავს თხილის კულტურის განვითარების მიმართულებით.
„ერთის მხრივ, სახელმწიფო ატარებს მნიშვნელოვან ღონისძიებას ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, მაგრამ თხილს აქვს სხვადასხვა სოკოვანი დაავადებაც. ჩვენ ფერმერებს დავეხმარებით, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. ასევე, მათ ექნებათ წვდომა პრეპარატებზე განვადებით და გადაეცემათ შესაწამლი აპარატები“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუამ თქვა, რომ გასულ წელს ფერმერებთან თანამშრომლობამ კარგი შედეგი მოიტანა, რის შემდეგაც აქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით ახალი ეტაპი დაიწყება.
„გასულ წელს შევძელით რამდენიმე ათასი ფერმერის მხარდაჭერა, რის შედეგად მათ მიიღეს ხარისხიანი მოსავალი და ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომ ათიათასობით ფერმერს დავეხმაროთ. გავუზიაროთ ცოდნა, განვახორციელოთ მონიტორინგი, გადავცეთ აპარატები, ვუშუამდგომლოთ საფინანსო ორგანიზაცებთან, რომ საშეღავათო პირობებში მიიღონ მომსახურება. ეს ყველაფერი არის წარმატების გარანტი ფერმერებისთვის“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის, ვერონიკა ლის განცხადებით, მნიშვნელოვანია ფერმერების ხელშწყობა, რათ მათ თავიანთი პროდუქცია გაიტანონ საერთაშორისო ბაზარზე.
„საქართველოში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის არსებობს და ის საქმე, რასაც ისინი ასრულებენ, მნიშვნელოვნია, რადგან სწორედ ცდილობენ დაეხმარონ ფერმერებს თავიანთი პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის გაზრდაში, რომ შეძლონ და პროდუქცია გაიტანონ სხვადასხვა ბაზარზე“, - განაცხადა USAID-ის წარმომადგენელმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნტორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ფერმერი უნდა ჩაერთოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერების მოსახლეობის ჩართულობა. ყველამ უნდა იცოდეს ის, რომ თხილის მოსავლის გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ფერმერს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გაატარებენ წესებს და მოუვლიან აგრობაღებს“, - განმარტა გუბერნატორმა.
თხილის გადამამუშავებლთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ქარდავას თქმით, უკეთესი მოსავალი რომ ჰქონდეთ, ფერმერები და გლეხები აქტიურად უნდა ჩაერთონ პროგრამებში.
„იმედი მაქვს, რომ გლეხები, ფერმერები აქტიურად ჩაერთვებიან თხილის მოვლის საქმეში, რადგანაც ხარისხის გაუარესება სწორედ ბაღების მოუვლელობის ბრალია. შესაბამისად, თუ მოხდება ბაღების მოვლა, გაუმჯობესდება ხარისხი და ზარალიც შესაბამისად ნაკლები იქნება, ვიდრე წინა წლებში“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.
კონფერენციას მუნიციპალიტეტების მერები, სხვა რეგიონის გუბერნატორები და ფერმერები ესწრებოდნენ.