განათლების და მეცნიერების მინისტრი მიესალმება მთავარი პროკურატურის
გადაწყვეტილებას,
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას
საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, რაც
უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე
მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ,
გამოძიებასთან თანამშრომლობის მდამყოფნა გამოთქვა.
„როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება,
მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ
ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც
ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს
პასუხი, - აღნიშნა მინისტრმა.
გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების
შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის განმარტებით,
ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
შედეგების შესახებ კი საზოგადოებას აცნობებენ.
გამოძიების დაწყება მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის შვილის,
ბაჩანა შენგელიას ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. მან ამ მოთხოვნით ზუგდიდში
აქციაც
გამართა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის
დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის
შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება.
თავად ია კერზაია გარდაცვალებამდე მედიასთან პოლიტიკური ნიშნით
ზეწოლაზე საუბრობდა, „რადგან არჩევნებზე არ იმუშავა მმართველი პარტიის
მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ“. განათლების სამინისტროს
განცხადებით, დეპუტატების ნაწილი მომხდარს პოლიტიკური ზრახვებისთვის
იყენებს. მთავარი პროკურატურის თქმით, სკოლაში ინსპექტირების შედეგად
ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.