საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შენობებში სახანძრო უსაფრთხოებას შეამოწმებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით სახანძრო
უსაფრთხოების
კუთხით, კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.
მათი განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას 14 თებერვლიდან
დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად
გაიზარდა სანქციები.
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა, ან შეუსრულებლობა, 500-დან 10 000
ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3
ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის
შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა
გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას
სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.
საკონტროლო შემოწმებისას კი მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში
სანქციები ამოქმედდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ
ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს. მათ შორის საოჯახო სასტუმროებს,
სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და
საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილს.
„სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების
შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციის შეჩერება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ შენობაში სახანძრო
უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია
და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, -
ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შარშან, საქართველოში ხანძრების შედეგად 56
ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა
453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.