ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლებში ტუალეტებს გაარემონტებენ
ზუგდიდის საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მიზნობრივი ტრანსფერის სახით გამოიყო 750 ათასი ლარი. ეს საკითხი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მოიწონეს.

ზუგდიდის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, მურთაზ ბოკუჩავას განმარტებით, სკოლების ნაწილში არ არის სანიტარული ნორმები დაცული და ამიტომ, ტრანსფერი საპირფარეშოების და სველი წერტილების მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, განათლების ზუგდიდის რესურსცენტრი სოფლის ადმინისტრაციული ერთეულებში რწმუნებულების და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით განსაზღვრავს, თუ რომელ სკოლებში ჩატარდება სარემონტო სამუშაოები.

„ტრანსფერი ითვალისწინებს მცირე ინფრატრუქტურულ მხარდაჭერას საჯარო სკოლების. იდენტიფიცირებულია ის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ეხება სველ წერტილებს, თუმცა გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება მცირე სამუშაოები, საკლასო ოთახების რემონტი, გადახურვა. ამაში ჩაერთვება განათლების რესურსცენტრი, ასევე სოფლის მაჟორიტარები, მერია და ერთობლივად მოხდება განსაზღვრა, თუ რომელი სკოლების მხარდაჭერა მოხდება ჩვენი ბიუჯეტიდან“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას ანგარიში „წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში" წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი.

„წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.