ახალი ამბები
სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა [ვიდეო]
ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხდებით, ისინი აპროტესტებენ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას.

„აქცია დაგეგმა იმ მიზნით, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ, რეკრეაციული ზონა არ შეიძლება ასე ხელაღებით, ერთპიროვნულად გახადო კერძო საკუთრება. აქ შენდება სამსართულიანი, 120 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც დაიკავებს მთელს ამ ტერიტორიას. გუბერნიამ განგვიცხადა, რომ იყო ამ თემის განხილვა და ახლა სპეციალისტები არიან ჩართულები, თუმცა ეს არ იყო საჯარო. ჩვენთვის არავის უთქვამს. არაერთგზის მივმართეთ ასევე მერიას, საკრებულოს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, მაგრამ არ იყო სერიოზული პასუხი. მას შემდეგ, როცა დავგეგმეთ აქცია, გამოვიდნენ კონტაქტზე და გვითხრეს, რომ საჯარო განხილვებს აპირებენ რამდენიმე დღეში“, - განაცხადა აქციის მონაწილე მარიკა თოდუამ.

აქციაზე „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშიაც იმყოფებოდა.

შეკრებილების თქმით, შესაძლებელია, სასტუმროსთვის ქალაქში სხვა ნაკვეთის გამოყოფა და არა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ზუგდიდელებისთვის საყვარელი ადგილია. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ სასტუმროს პროექტის განხილვაში, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 19 თებერვალს გაიმართება.

29 იანვარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია „m²-მა“ ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო.

პროექტის მიხედვით, ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სასახლეს გადატანას კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე აპირებენ.