მარტვილის მერიაში 111 ათას ლარზე მეტია პრემია, ფულადი ჯილდო და დანამატი გასცეს
„ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მათ შორის, რვა სამსახურის უფროსზე, თითოეულზე 1 500-1 500 ლარი გაიცა. ერთადერთი, 136 ლარი მიიღო სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსმა. განყოფილების ხუთ უფროსს, თითოს 1400-1200 ლარი დაერიცხა. მერის 21-მა წარმომადგენელმა მარტვილის სოფლებში 1000-1000 ლარი მიიღეს.
ფულადი ჯილდო და პრემია გაიცა მარტვილის მერიის სამ ააიპსა და შტატგარეშე თანამშრომლებზე. სულ 24 ათას 011 ლარი.
ფულადი დანამატი გასცეს ააიპ „მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ 14 თანამშრომელზე 75-75 ლარის ოდენობით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის. ჯამში 1 050 ლარი.
ფულადი დანამატი მიიღო ააიპ „მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 12-მა თანამშრომელმა საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, 159-159 ლარი. ჯამში 1 908 ლარი.
პრემია დაერიცხათ წახალისების მიზნით ააიპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში“ მომუშავე 152-მა პირმა. სულ 20 ათას 497 ლარი. ამ თანხებს შორის მაქსიმუმი 227 ლარია, მინიმუმი კი 120 ლარი.
წახალისების მიზნით პრემია გასცეს ექვს შტატგარეშე თანამშრომელზეც, თითოეულზე 92 ლარი და 83 თეთრის ოდენობით. სულ 556 ლარი და 98 თეთრი.
სულ 111 ათას 011 ლარი გაიცა მერიასა და მერიის ააიპ-ებში დასაქმებულ 291 თანამშრომელზე.
გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 29 იანვრის ჩათვლით პერიოდს.
პრემია, ფულადი ჯილდო და დანამატი ასევე გაიცა ფოთის საკრებულოსა და მერიაში, აბაშის, ხობის, სენაკის, მესტიის, მარტვილის საკრებულოებში, ზუგდიდის მერია-საკრებულოსა და ჩხოროწყუს მერიაშიც, სენაკის მერიაში.