მესტიის სოფელ წვირმში სკოლის მშენებლობას მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება
ოფიციალური ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კლასიკ-სტროი“ შეასრულებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება. სკოლის განაშენიანების ფართობი 750 მ2 მოიცავს. შენობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინფრასრუქტურით (წყალი, შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემა, გათბობა, ვენტილაცია, გარე განათება). შენობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილით და პანდუსით.
"სამშენებლო კომპანია ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმები. ასევე გათვალისწინებული იქნება შენობის შესაბამისობა სვანეთის კლიმატთან. მშენებლობისთვის გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს“, - აცხადებენ მერიაში.