ახალი ამბები
სასტუმრო რეკრეაციულ ზონაში - მომხრე და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები [ვიდეო]
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დღეს, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

დეველოპერული კომპანია „m²-ის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ისაუბრა, თუ რას სთავაზობს ის ზუგდიდს რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების სანაცვლოდ:

„სასტუმროს სანაცვლოდ მზად ვართ ავიღოთ ვალდებულება, გადავიტანოთ ყინულის მოედანი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მუნიციპალიტეტი მიგვითითებს და გავწიოთ ის ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნება მის გადატანასა და გაფართოებასთან. ამ ადგილას მოეწყობა სპორტული კომპლექსიც“.

მისივე თქმით, კომპანია მოამზადებს ტურიზმის სფეროში მომსახურე პერსონალს და ამისთვის ე.წ. შონიას ტექნიკუმის ბაზაზე გახსნის პროფესიულ კოლეჯს.

რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიასთვის.

„დღეს მოხდა ბიზნესზვიგენის ინტერესებისთვის ფეხქვეშ გაგება დადიანების კულტურული მემკვიდრეობის უწმინდესი მემკვიდრეობის. ეს ასე არ მოხდება. დღეს აქ ტაშს უკრავდა ოცნების პარტიული ნომენკლატურა, მაშინ როცა ანაკლიის პორტის განვითარებას აფერხებს ივანიშვილი. ამ დროს ოცნების ხელისუფლება კულტურული მემკვიდრეობის რეკრეაციული ზონის მიწიხვლით კომპანიის უქმნის სასათბურე პირობებს. მაგრამ ზუგდიდში ვერ გაიმარჯვებს პარტიული ელიტის აზრი, გაიმარჯვებს მოქალაქეების აზრი“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძის განცხადებით, მას აქვს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ადგილი ქვს კორუფციულ გარიგებას ინვესტორთან.

„აქ დარღვეულია ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკურენტული გარემოს პრინციპი. როცა ხელისუფლება ლობირებს კომპანიას, ეს აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს. მითუმეტეს, ვიცით რომ კომპანია არის არაფორმალური შემომწირველი წინასაარჩვენო პერიოდში. გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გარიგების შედეგი. ასევე, საინტერესოა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი იმაზე, რომ ეს მშენებლობა ხორციელდება რეკრეაციულ ზონაში. ნებისმიერი მშენებლობა შესაბამისაობაში უნდა იყოს მუნიციპალიტეტის და ქალაქის განვითარების გეგმასთან და იმ ფონზე, როცა ქალაქში არ არსებობს გენერალური გეგმა, მაშინ რის საფუძველზე გაიცემა ეს ნებართვა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მის პასუხად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა გიორგი შენგელიამ თქვა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სხვა ინვესტორებთანაც.

„საინვესტიციო გარემოს ჩვენ არ ვზღუდავთ, პირიქით. თუ კიდევ სხვა კომპანია გამოთქვამს დაინტერესებას ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თითოეულთან. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, დღეს ყინულის სახლი მდებარეობს 5000 კვადრატულ მეტრზე, ხოლო სასტუმრო იქნება 3000-ზე, დანარჩენი ტერიტორია კი უფრო კეთილმოეწყობა. ჩემი აზრით უკეთეს რეალაობას გვათვაზობს ინვესტორი, ვიდრე ახლა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას განცხადებით, ამ ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„ინვესტიციის შემოსვლა ყველა ჩვენგანის ინტერესშია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, რაც აქ გაჟღერდა. პირველ რიგში, საზოგადოებრივი სივრცის დაცულობა და როცა ასეთ ინვესტიციაზეა საუბარი, ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი. ჩემი პოზიცია იქნება მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

მისივე აზრით, პროფესიული კოლეჯის აღდგენა კომპანიას, სასტურმოს აშენების სანაცვლოდ ვალდებულებად კი არ უნდა მიეცეს, არამედ შესაძლებელია ამ შენობით მუნიციპალიტეტმა სხვა ინვესტორი დააინტერესოს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვები გაგრძელდება.

„სასტუმროს მშენებლობის იდეა თავდაპირველად დამუშავდა ვიწრო ჯგუფში, შემდეგ გადავიდა პროფესიულ წრეებში, დღეს იყო ლოგიკური გაგრძელება, ეს გახლდათ საზოგადოებრივი, საჯარო განხილვა კონცეფციის. რა თქმა უნდა, გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები, მაგრამ საზოგადოების უმეტესობა ემხრობა პროგრესულობას. საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვა მას შემდეგ, რაც ყველა ის პროცედურა დასრულდება იმ ლოგიკით, რომელიც ჩაფიქრებული გვაქვს. ეს არის მეტი ჩართულობა ჩვენი მოსახლეობის და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქალაქის განვითარებას ამ სახით მხარს დაუჭერს“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მოქალაქე მარიკა თოდუას თქმით, საჯარო განხილვა ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ დააანონსა, რაც სასტუმროს აშენების წინააღმდეგ პროტესტი აქციით გამოითქვა.

მისივე განცხადებით, მან ვერც ფეისბუკზე მიიღო დასმულ კითხვებზე პასუხი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

16 თებერვალს სკეიტ პარკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხდებით, ისინი აპროტესტებენ რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს მშენებლობას.