მერობის კანდიდატების შესარჩევად ზუგდიდში პრაიმერი ტარდება
„ლაივპრესი“ ესაუბრა გამოკითხვაში მონაწილე სამ მოქალაქეს. მათგან ერთ-ერთმა გვითხრა, რომ პრაიმერში მერობის შვიდი კანდიდატი მონაწილეობს და ყველას სახელი და გვარი არ ახსოვს. მეორე ამბობს, რომ ცხრა პირი იყო სიაში და თანამოქალაქის მსგავსად ყველას ვინაობა ვერ დაიმახსოვრა. მესამე მოქალაქე გვეუბნება, რომ სიაში 12 ადამიანია და ყველა ვერ დაიმახსოვრა.
ჩვენ მათ ვთხოვეთ გაეკეთებინათ პრაიმერში მონაწილე კანდიდატების ჩამონათვალი, რომელიც ასე გამოიყურება:
ერთ-ერთი ამ სიაში მალხაზ თორიაა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე. ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პრაიმერის შესახებ არაფერი სმენია. არც მერად კენჭისყრაზე შემოთავაზებას ადასტურებს. წინადადების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა, გვითხრა, რომ ამაზე არ უფიქრია.
მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი. ბოლო პერიოდში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
სიაში გვხვდება მოქმედი ვიცე-მერი გიორგი შენგელიაც. ის ამ პოზიციაზე 2018 წლის 6 ნოემბრიდან მუშაობს. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პრაიმერის შესახებ მედიით შეიტყო, გუნდისგან კი არაფერი სმენია. ამბობს, რომ შეთავაზება ჯერ არ მიუღია, თუმცა ასეთ შემთხვევაში მზად არის იტვირთოს ეს საქმე. გიორგი შენგელია მანამდე „თიბისი“ ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი იყო. მისი სპეციალობა ფინანსები და საბანკო საქმეა. მას აქვს სხვა ბანკებში მუშაობის გამოცდილებაც.
კიდევ ერთი პირი, ვინც ამ სიითაა წარმოდგენილი, დომენტი სიჭინავაა, რომელმაც უკვე გამოთქვა სურვილი, იბრძოლოს მერობისთვის, უკვე მეორედ. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მიმდინარე გამოკითხვის თაობაზე ჩვენგან გაიგო, და რომ ამ საკითხზე ჯერ არავინ დაკავშირებია.
„არ ვარ სამწუხაროდ ინტერნეტთან. სტუმრად ვარ გასული და ამიტომ არაფერი არ ვიცი. ტელეფონიც ცოტა ხნის წინ ჩავრთე. თუ რამე ინფორმაცია მექნება, ხვალ მზად ვარ გიპასუხოთ“, - აღნიშნა მან.
დომენტი სიჭინავა 2017 წლის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა დამარცხდა. ის მანამდე იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2009-2015 წლებში.
სიაში ნახავთ ბესიკ ჭეჟიასაც, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2017 წლიდან. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შემოთავაზება მერად კენჭისყრაზე არ მიუღია და აღნიშნულ საკითხზე მასთან არც არავის უსაუბრია. მან არც პრაიმერის შესახებ იცის რამე:
„შიდაპარტიული რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა აუცილებლად. ეტყობა სხვა რაღაცაა. არ ვიცი“.
შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა წინადადებას, გვითხრა, რომ ამ თემაზე არ უფიქრია. მას აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც სხვადასხვა პოზიციაზე. იყო აუდიტორული კომპანია შ.პ.ს. „ფინსერვისის“ დამფუძნებელი და პარტნიორიც.

პრაიმერის თანახმად, განიხილება პრემიერის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურაც. ის ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის „თავისუფალი დემოკრატებიდან“ იბრძოდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე. ირაკლი ჩიქოვანი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია კოალიცია „ქართული ოცნების“ კვოტით. „ლაივპრესმა“ სცადა მასთან ინფორმაციის გადამოწმება.
„პარტიას დაურეკეთ ამ თემაზე ჯობია“, - გვითხრა მან.
სიაში წარმოდგენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით კუხალეიშვილიც. მან გვითხრა, რომ შეთავაზება არ მიუღია:
„გამოკითხვებში მონაწილეობაზე ამ დილით გავიგე ახლობლების მეშვეობით“.
დავით კუხალეიშვილი გუბერნატორის მოადგილედ 2012-2013 წლებში მუშაობდა. მანამდე რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. ის ყოფილი პროკურორია. იყო მათ შორის ზუგდიდის რაიონის პროკურორის მოადგილე და ფოთის რაიონული პროკურორი.
გამოკითხის თანახმად, ზუგდიდის მერობის თანამდებობაზე განიხილავენ რევაზ კაკულიას კანდიდატურასაც, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსია. ის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობს.
სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ კაკულია საქმის კურსში არ არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ ადასტურებს ინფორმაციას, მერობის თანამდებობის შეთავაზებაზე.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისში ამბობენ, რომ პრაიმერი არც მათი და არც პარტიის ცენტრალური ოფისის დავალებით არ ტარდება.
„როგორც ჩანს, კერძო ადამიანები აკეთებენ. გამოკითხვას ჩვენ არ ვაკეთებთ. ვინ არიან ეს კერძო ადამიანები, არ ვიცი“, - უთხრა „ლაივპრესს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქიამ.
ჩაატარებს თუ არა მმართველი პარტია პრაიმერს მოსახლეობაში, ამბობს, რომ ამ ეტაპზე არაფერია დაგეგმილი.
მიმდინარე პრაიმერთან კავშირს უარყოფს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოც“.
მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მოგვიანებით ის ყოფილ ვიცე მერ, გია გულორდავასთან ერთად დააკავეს, ქრთამის აღების ბრალდებით.