ახალი ამბები
ზუგდიდში ქალთა სამშვიდობო კლუბი შეიქმნა
ზუგდიდში ქალთა სამშვიდობო კლუბი ჩამოყალიბდა. მისი მიზანი სამეგრელოსა და გალში მცხოვრები ქალების გაძლიერებაა.

ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ორწლიანი პროექტის ფარგლებში, მისი მონაწილეები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს და ახალგაზრდებს მიაწვდიან ინფორმაციას ნაადრევ ქორწინებასა და თანმდევ პრობლემებზე. ამბობს, რომ გაიმართება სამუშაო შეხვედრებიც.

პროექტის კოორდინატორის, ლეილა ქურსუას თქმით, ასევე დაგეგმილია საგანმანათლებლო აქტივობები და შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან.

„რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან იქნებიან მოქალაქეები ჩართული, გარდა მესტიის. მცირებიუჯეტიანია პროექტი და ვერ გავწვდით სვანეთს. მშვიდობის დღესთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ერთდროულად ფლეშმობი“, - აღნიშნა ლეილა ქურსუამ.

ასოციაცია „იმედში“ ამბობენ, რომ ქალი მნიშვნელოვანი რესურსია მშვიდობის მშენებლობის, ნდობის აღდგენის პროცესში. მათი თქმით, მეტი ქალის ჩართვა ერთობლივ შეხვედრებსა და დიალოგში კარგი შესაძლებლობაა პოზიტიური ძვრებისთვის, კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.