პრემიერი: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია აუცილებლად გაფართოვდება
პრემიერის თქმით, ამ სიაში შეყვანილ პირებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.
„ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ეს სია და ვფიქრობ, 2019 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ყველა მექანიზმს ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო აუცილებლად დააყენებს მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, მათ უნდა შეძლონ იმისთვის, რათა მსგავსი ტრაგედიების მომავალში განმეორება აღარ დაუშვან.
პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის მშობლებს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
სწორედ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია არის სოხუმის მტკიცებით ის მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე უარს ამბობენ გალის შეხვედრებში მონაწილეობაზე. დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა ეს შეხვედრები განაახლოს, მხოლოდ გიგა ოთხოზორიას საკითხის გარეშე. თბილისისთვის ეს წინადადება მიუღებელია.
მიმდინარე წლის 27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა ჩაიშალა და მას შემდეგ არ განახლებულა. ჟენევაში საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა რუსეთს და დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებს, დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს.