ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა
„ჩემი ყველა მცდელობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით, ვერ გამოიღო შედეგი“, –აღნიშნა მან.
ამბობს, რომ რთულია თქვას - მიდის იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა.
„რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება - სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი მოსამართლეები, მათ უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა. იმ ძალადობრივი მმრთველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე, ამაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება კიდევ ორ დეპუტატს, გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს, ეკა ბესელიას თქმით, დაელოდება კოლეგების გადაწყვეტილებას. ამბობს, რომ განაგრძობენ ბრძოლას, რათა შექმნან პოლიტიკური პლატფორმა იმ იმ იდეალებისთვის, რისთვისაც იბრძვიან.
„არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც არის კონსტიტუციური, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ერთიანი, ერთობის მატარებელი, სამართლიანობის მიზნისკენ მიმავალი ფორმები. ჩვენ ვართ პარლამენტში, გვაქვს დეპუტატის მანდატები, რაც გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ ხალხის სახელით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.