ახალი ამბები
ექვსი წლის შემდეგ ზუგდიდის ყინულის სახლი საზეიმოდ გაიხსნა [ფოტო]
ზუგდიდის ყინულის სახლი მრავალჟამიერით გაიხსნა. სიმღერა „ოდოიამ“ შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ვიცე მერმა გიორგი შენგელიამ. მათ ადგილობრივებს ეს დღე მიულოცეს.

მოციგურავეებმა პირველი ნომერი მეგრული მუსიკის - „სამარგალო გვალო შხვარეს“ ფონზე შეასრულეს.

გახსნის ღონისძიებაში ბათუმის ყინულის სახლის მოციგურავეებიც მონაწილეობენ.

რეკრეაციულ ზონაში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში ყინულის სახლი დროებით დაიხურება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

1 მარტამდე ყინულის სახლში შესვლა უფასო იქნება, ტარიფების განსაზღვრაზე კი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მერია, საკრებულოსთნ ერთად მუშაობს.

ზუგდიდში ყინულის სახლი პირველად 2007 წელს აშენდა და 2011 წელს ქუთაისისთვის ჩუქების მიზნით დაშალეს. მას შემდეგ ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საბოლოოდ, 2013 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საციგურაო მოედანი აშენდა, მაგრამ მას შემდეგ არ უმუშავია.

ზუგდიდის მერიამ 2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ყინულის სახლის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 152 ათას 900 ლარი დახარჯა. ეს მაშინ, როცა ყინულის სახლი არ ფუნქციონირებდა.